გაჟღერდა გამონათქვამები ე.წ ჩამოსულებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას - "ბათუმელთა დარბაზი"  

03 ივნისი 2020, 16:42 1921 ნახვა

საზოგადოება "ბათუმელთა დარბაზი" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოება ,,ბათუმელთა დარბაზი“ თვლის, რომ მოქალაქეთა შეკრებისა და თავისუფალი აზრის შეუზღუდავად გამოთქმის კონსტიტუციური უფლება, არის ქართული საზოგადოების მიერ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, არაერთი თაობის ბრძოლით მიღწეული შეუქცევადი მონაპოვარი, რასაც სჭირდება მუდმივი სრულყოფა, თითოეული მოქალაქისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან გაფრთხილება და განუხრელი დაცვა.

გულისტკივილით და ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ, რომ ცალკეული პიროვნება თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, პროტესტის გამოხატვის დროს, თავიანთ გამონათქვამებში ერთგვარად გადადის ზღვარს და იყენებს საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მიუღებელ ქვეყნის ერთიანობის საზიანო გამონათქვამებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობის წინ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მე მიყვარს ბათუმი“-ს ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა გამონათქვამები ეგრეთწოდებული ჩამოსულების თაობაზე, რაც უთუოდ ატაცებული იქნება დესტრუქციული ელემენტების მიერ და მოხდა მისი ტირაჟირება. ასეთი უადგილო და აბსოლიტურად მიუღებელი გამონათქვამები უთუოდ უწყობს ხელს საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირების მუხტს წარმოქმნის.

ბათუმი, აჭარა მუდამ იყო და იქნება ერთიანი ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს ბურჯი და მტკიცე დასაყრდენი. აქ არ შეიძლება ჩამოსულიყო საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომლებიც ოდითგანვე ბათუმს თვლიდნენ და თვლიან მშობლიურ და უსაყვარლეს ქალაქს მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, ნუ დავარღვევთ ჩვენი ქალაქის სტუმართმოყვარეობის ისტორიულ წესებს და ტრადიციებს, თავი შეიკავეთ, მოერიდეთ ჩვენი ქალაქის შეურაცხმყოფელ და მადისკრიდიტებელ განცხადებებს და გამონათქვამებს.
ბათუმი მუდამ იყო და იქნება ეროვნული მუხტით განმსჭვალული ერთიანობის, ძმობისა და მეგობრობის ქალაქი"- წერია საზოგადოება "ბათუმელთა დარბაზის" განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში