მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი - პრემიერი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე

05 ივნისი 2020, 17:39 1759 ნახვა

გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს პრემიერი ასე ჟურნალისტების კითხვას გამოეხმაურა, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა.

გიორგი გახარიამ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იქნება ტესტი. 

„მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია, მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეს ერთი. მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკური კულტურის ისე განვითარებას, რომ არამხოლოდ პოლიტიკაში, ქვეყნის სხვა სფეროებში უბრალოდ ელიტები შეიცვალონ. პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ეს არის ფასეულობების თემა, ამ ფასეულობებთან დაკავშირებით ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე, ეს არის ხარისხობრივი ცვლილება, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური ახალგაზრდობა 90-იანი წლებიდან იბრძოდა. როგორც იქნა, ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში