დღეიდან სასტუმროები ვიზიტორების მიღებას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ რეკომენდაციების დაცვით

08 ივნისი 2020, 13:06 1552 ნახვა

დღეიდან სასტუმროები ვიზიტორების მიღებას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში.

პროცედურის თანახმად, მუშაობის აღსადგენად სასტუმროს წარმომადგენელმა უნდა მოამზადოს ობიექტი შესაბამისი სტანდარტებით, გააკეთოს განაცხადი  ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ამის შემდეგ მას უკავშირდება სპეციალური სამსახური, რომელიც მუშაობის ნებართვას აძლევს ან გასცემს რეკომენდაციებს ხარვეზების გამოსასწორებლად.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში სულ 393 სასტუმროა რეგისტრირებული. თინათინ ზოიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა დაახლოებით 85-მა, ათობით სასტუმრომ მუშაობის აღდგენის ნებართვა უკვე მიიღო.

"დღეს ოფიციალურად იხსნება ის სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება შრომის ინსპექციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დანერგეს სტანდარტები და შესაბამისად დღეიდან შეძლებენ უმასპინძლონ სტუმრებს. სასტუმროებისთვის ნებისმიერი ტიპის სტანდარტი, რაც შემუშავებულია დაფუძნებულია ჰიგიენის და დისტანციის დაცვის პრინციპზე. 

 

სტანდარტების შემუშავებაში ჩართული იყო ყველა კატეგორიის სასტუმრო თავისი პერსონალით. მათგან ვიღებდით შენიშვნას და ვათანხმებდით ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს სტანდარტები თავიდან ბოლომდე განხილულია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

ძირითადი რასაც სტანდარტები მოიცავს არის, ის რომ შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც სტუმარმა უნდა გამოიყენოს. აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. ადმინისტრაციასთან დამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი ფარი, დალაგება-დასუფთავების წესთან დაკავშირებითაც დამატებითი რეკომენდაციებია. კვების ბლოკთან მიმართებითაც აუცილებლია დისტანციის დაცვა. რეკომენდირებულია ინდივიდუალურად მოხდეს საკვების და სასმელის მიწოდება სპეციალურად პერსონალის მიერ, რომელიც რესტორანში ან ბარში მუშაობს და აღჭურვილია პირბადით და ხელთათმანით.

 

მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია, სკამის საზურგეებს შორის 1 მეტრიანი დისტანცია, ერთ მაგიდასთან არ უნდა იჯდეს 6 პირზე მეტი გარდა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისა. 

 

რაც შეეხება ფურშეტის ტიპის მენიუს, რომელიც საუზმეზე გამოიყენება, ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მომსახურება, ან სპეციალური დამცავი ბარიერები დამონტაჟდეს, რომელიც დისტანციის საშუალებას მისცემს პერსონალს და სტუმრებს.

 

ის რომ დღეს რამდენიმე სასტუმრო შეიძლება ვერ გაიხსნას არ ნიშნავს, რომ ხვალ არ გაიხსნება. სამინისტრო და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ეტაპობრივად ახდენენ მონიტორინგს"- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე ხომ არ გამოიწვევს რეკომენდაციები გათვალისწინება ფასების ზრდას?  თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს. მისივე განმართებით, შიდა ტურიზმი  გამოიწვევს ცვლილებებს საბაზრო პოლიტიკაში და კერძო სექტორიც ამას საკმაოდ გაგებით უყურებს.

"არის რიგი საკითხები, თუნდაც სტანდარტების დანერგვა, რომელსაც დამატებითი ხარჯები სჭირდება. თუმცა, როცა ვსაუბრობთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ყველამ იცის, რომ დღეს ამის გარეშე სტუმრის მიღება და ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა. ფასებს ბაზარი არეგულირებს და ვიცით, რომ წელს განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება და მუშაობა. შიდა ტურიზმი  გამოიწვევს ცვლილებებს საბაზრო პოლიტიკაში და კერძო სექტორიც ამას საკმაოდ გაგებით უყურებს. გვექნება სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები, ბიუჯეტის სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. ფასებთან დაკავშირებით მეწარმე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე"- აცხადებს თინათინ ზოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში