ხულოში გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელმა 144 465 ლარი გაფლანგა - პროკურატურა

09 ივნისი 2020, 11:46 3625 ნახვა

„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დანარჩენი თანხა კი გაფლანგა. 

პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ორბიტას“ დირექტორი აიყვანეს. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა'' - წერია განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში