მოხდა ვალდებულებების გადავადება იმისათვის, რომ ბიზნესს ამოესუნთქა - თორნიკე რიჟვაძე

09 ივნისი 2020, 13:25 1941 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის ხელისუფლებამ  პრიორიტეტად დაისახა ბიზნესის მხარდაჭერა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება ყველა იმ ვადამოსული ვალდებულებების გადავადებისა, რომლებიც მხარეებს ჰქონდათ.

"ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტად დავისახეთ ბიზნესის მხარდაჭერა და დახმარება, ვინაიდან როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესი არის ის, ვინც უნდა გადაარჩინოს სამუშაო და ვინც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 6 თვის განმავლობაში ყველა ის ვადამოსული ვალდებულებები, რომელიც მხარეებს ჰქონდათ, მოხდა მათი გადავადება ყოველგვარი პირგასამტეხლოს და სანქციების გარეშე, რომ ბიზნესს ამოესუნთქა და მათ მისცემოდა საშუალება დაბრუნებოდნენ ნორმალურ, ეკონომიკურ საქმიანობას.

გუშინ ამუშავდა სასტუმროების დიდი ნაწილი, რაც მოგვცემს საშუალებას თანდათან მოვემზადოთ ტურისტული სეზონისთვის. შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები დამატებით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენი მხარდაჭერითაც მოხდა ასეულობით მოქალაქის დაბრუნება საქართველოში. რა თქმა უნდა სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა ვალდებულია იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე და სწორედ ამ სულისკვეთებით მოხდა მათი დაბრუნება, რომ მათ შესძლებოდათ იმ პირობებში ცხოვრება, რომ მათ არ ჰქონოდათ შეზღუდვა მინიმალურ სამედიცინო მომსახურებაზე"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე გადაგზავნილია ინიციატივა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის გაგრძელებას გულისხმობს.

"ინიციატივა ლიკვიდურობის ამაღლებას ემსახურება. კომპანიები, რომლებმაც 50%-ზე მეტი საინვესტიციო ვალდებულებების უკვე შეასრულეს, მათ ექნებათ საშუალება გამოითავისუფლონ ის გარანტიები, რომლებიც წარმოდგენილია და გამოთავისუფლებული თანხები ჩააბრუნონ ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობაში. ეს დაეხმარება ეკონომიკის აღდგენას"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში