COVID-19-ზე ტესტირება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი - გამყრელიძე

15 ივნისი 2020, 12:36 1535 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, გრიპთან ერთად, ​შესაძლებელია, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც კოვიდ-19-ის მეორე ტალღას შეეხებოდა. 

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა. გამყრელიძე ამბობს, რომ შეინიშნება მსუბუქი შემთხვევების მატების ტენდენციაც.

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დამტკიცდება ახალი დადგენილება, რომელიც ტესტირების კიდევ უფრო გაფართოვებას ეხება.

''თებერვალში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვქონდა დღეში 27, მარტში 73, აპრილში ავედით 473-ზე, მაისში და ივნისში საშუალოდ ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გამოწვევაა. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკ-ჯგუფი ერთვება პროცესში. რატომ? - იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, ჯანდაცვა მზადყოფნაში იყოს, რომ  ადრეულ ეტაპზე იქნეს გამოვლენილი ყველა ინფიცირებული. 

ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ტესტირება. ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოს ცხელების ცენტრებს. ხვალ ან  ზეგ უკვე ექნებათ საშუალება მიმართონ საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკას, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ კვლევები'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში