გერმანია უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის საკითხს პოზიტიურად უყურებს - საგარეო უწყება

15 ივნისი 2020, 16:30 1441 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ჰაიკო მაასმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ გერმანია უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის საკითხს პოზიტიურად უყურებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოსტ-კრიზისულ ვითარებაში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაა.

მინისტრ ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებით და ემზადება საერთაშორისო ტურისტების ეტაპობრივად, ე.წ. მწვანე დერეფნების პრინციპით მისაღებად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მან იმედი გამოთვა, რომ საქართველო, ტრადიციულად, ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა იქნება გერმანელი ვიზიტორებისთვის.

''საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან გერმანია 6 თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს'' - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში