„ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე დაკავებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურა

16 ივნისი 2020, 10:51 2570 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე  ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები - მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ სცნეს. მათ 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

''საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები - პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება'' - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი, გასული წლის სექტემბერში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში, კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში