გახსნან საზღვარი ან მთავრობა დაგვეხმაროს - თურქეთში დასაქმებულების აქცია 

17 ივნისი 2020, 13:42 7693 ნახვა

მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.  

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. 

ყვებიან, რომ ქემალ ფაშაში სამუშაოდ ვეღარ გადადიან, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა.

ისინი ასევე თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილ, ერთჯერად, 300 ლარიან კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ საზღვრის კვეთა ყოველ დღე უფიქსირდებოდათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება რთული არ იქნება.

''ამდენი ადამიანი დასაქმებული იყო თურქეთში და ახლა ვერავინ ვერ გადავდივართ. არ გვიხსნიან საზღვარს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბევრ ქვეყანასთან გახსნა საზღვარი. ჩვენ ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს იქ და გვეუბნებიან ჩამოდითო. გაგვიხსნას მთავრობამ საზღვარი ან დაგვეხმაროს. მე მგონი მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია ამ ქვეყანაში'' - უთხრა მაუწყებელს მადონა შაინიძემ.

ეს უკვე მეოთხე საპროტესტო აქციაა.

რამდენიმე დღის წინ თურქეთში დასაქმებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ, რომელმაც მათი განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის პირობა დადო. თვითდასაქმებულებს აინტერესებთ, შეასრულა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ დანაპირები. 

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი​ს უფროსი შეხვდა. კახა შაშიკაძე ამბობს, რომ საკითხზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ. 

''ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები ვიყავით და დაწყებულია მუშაობა. პროცესში ჩართულია არა მარტო აჭარის მთავრობა, არამედ საქართველოს მთავრობაც. ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების და მითუმეტეს, რეგიონის ხელისუფლების გადასაწყვეტი. სანამ აქციის მონაწილეებს შევხვდებოდი, მქონდა კონსულტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ერთ რაღაცაზე ვთანხმდებით, მე მქონდა ამ ხალხთან საუბარი და ბუნებრივია მათ დახმარება სჭირდებათ, მაქსიმალურად შევეცდებით გვერდში დავუდეგთ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა ფორმით და როგორ მოხდება მათი დახმარება. მოთხოვნა გასაგებია და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. აღნიშნულ მოქალაქეებს არ მიუღიათ საკომპენსაციო თანხა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს'' - განაცხადა კახა შაშიკაძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში