საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობის დამზადების საქმეზე გამოძიება შეწყდა-პროკურატურა

17 ივნისი 2020, 15:56 1532 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

2018 წლის 20 ნოემბერს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თითქოს იბეჭდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები. 

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 

"გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მათი განცხადებით ე.წ. „წყარომ“, მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის კვირაში, უწყების ერთ-ერთ შენობაში გაიმართა სპეციალური თათბირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით. გამოკითხულთა მტკიცებით, სწორედ თათბირზე გაიცა თითქოს დავალება, დამზადებულიყო ყალბი პირადობის მოწმობები. ასევე აცხადებდნენ, რომ ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტოები ერთი პირის იქნებოდა. მათი ინფორმაციითვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცესკოსთვის უნდა მიეწოდებინა ამომრჩეველთა განახლებული სია, სადაც ასახული იქნებოდა ყალბი მონაცემები. 

გამოძიებით დადგინდა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ ამავე უწყების თავჯდომარე 2018 წლის 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე, სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, რაც ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით. აქედან გამომდინარე, დასახელებულ პერიოდში იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა საქართველოში თათბირში უშუალოდ მონაწილეობას. მოწმის სახით გამოკითხვისას სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ამავე უწყების შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა, კატეგორიულად უარყვეს რაიმე მსგავსი თათბირის გამართვა და მასში მონაწილეობა. გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სრულად იქნა გამოთხოვილი საარჩევნო სიებთან და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სერვერზე იდენტიფიცირებული იქნა მონაცემთა ბაზები"-წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა, შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმეზე შეწყდა გამოძიება.

საგამოძიებო უწყების განცხადება სრულად იხილეთ ლინკზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში