ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, მას თქვენთან ერთად ვებრძვით - პრემიერი ჯანდაცვის სექტორს

18 ივნისი 2020, 12:28 1342 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საქართველომ შესანიშნავად გაიარა შეჩერების ეტაპი, კარგად ადაპტაციის ეტაპი, ახლა ისინი მართვის ეტაპზე არიან, რაც დიდწილად დამოკიდებულია ჯანდაცვის სექტორში მომუშავეთა პროფესიონალიზმზე.

გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის მინისტრს და ამ სფეროს წარმომადგენელებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ყველა იმ გამოწვევას, რაც მომავალში გველის.

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დამთავრებული არ არის და ყველაფერი გრძელდება. სიმშვიდეს ჩვენს მოქალაქეებს სძენს სწორედ ეს სახეები, რომლებსაც დღეს აქ მე ვხედავ.

ის რეფორმები, რაც სამინისტროში ბოლო პერიოდში დაიწყო, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომლესაც ჯანდაცვის სისტემამ მიაღწია 2012 წლიდან. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მათ ვაგრძნობინეთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, შრომით უზრუნველყოფაზე და ა.შ...

ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით. ჩვენი მიღწევა და თქვენი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ, ასე უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. 

გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად დამოკიდებულია თქვენ პროფესიონალიზმზე"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში