საქართველოში მოქმედი რამდენიმე სასტუმროს თანამშრომლები, ფიზიკური და იურიდიული პირების თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ 

18 ივნისი 2020, 14:06 1636 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 დოლარის ზიანი მიადგათ

ბრალდებულებმა მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში  გახსნეს საბანკო ანგარიშები  და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.

''ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.  

საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.

ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს  687 321 ლარის  და  60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში