ქობულეთში მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს - ისინი ინსტიტუტის შენობასთან არსებული პარკის გახსნას ითხოვენ

19 ივნისი 2020, 17:38 2436 ნახვა

ქობულეთში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა  გზა გადაკეტეს. მოსახლეობა ითხოვს, კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან არსებული პარკი გაიხსნას და ადამიანებს შესვლის საშუალება მიეცეთ.

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ მერისგან დაპირება მიიღეს, თუმცა ტერიტორია მათთვის ამ დრომდე ჩაკეტილია. 

მოქალაქეების თქმით, ქუჩაზე სხვა პარკი ან გამწვანებული ზონა არ არის და ბავშვების გასეირნებას ვერ ახერხებენ. ​

''ვითხოვთ პარკი გახსნან, არ იყოს ტერიტორია ჩვენთვის ჩაკეტილი. მხოლოდ ბავშვებს გავასეირნებთ. ნარგავებს მოვუფრთხილდებით და არაფერს დავაზიანებთ. თუ კი თანხმობას არ მოგვცემენ  არ დავიშლებით. მაშინ მერიას ვთხოვთ პარკი სხვა ადგილას გაგვიკეთონ. აქ მთელს ქუჩაზე მხოლოდ ბეტონი და ფილებია, ერთი გამწვანებული რეკრეაციული ზონა არ არის, რომ პატარები ჩრდილში გავასეირნოთ. რამდენიმე დღის წინ ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც შევხვდით, მაგრამ მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სასწავლებლის მშენებლობის დროს დაპირება მიიღეს, პარკი საერთო სარგებლობის იქნებოდა და არ ჩაკეტავდნენ. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ რამდენიმე დღის დასახლებაში ქობულეთის მერიც იმყოფებოდა. მირიან ქათამაძემ მათ პირობა მისცა, რომ პარკში შესვლის ნებას დართავდა, თუ მოსახლეობა არაფერს დააზიანებდა. 

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში კი ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა არალეგიტიმურია. სასწავლებლის წარმომადგენლების განმარტებით, ტერიტორიის ღია სივრცედ გადაქცევა დაუშვებელია. ეზო და შენობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზეა. 

​''ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი კვლევები მიმდინარეობს. ამ კვლევების სიზუსტიდან გამომდინარე ტერიტორიზე უცხო პირთა გადაადგილება არ შეიძლება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ადამიანებს პარკი ჰქონდეს და ის სხვა ტერიტორიზე გაკეთდეს'' - აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე.

ინსტიტუტში მცენარეთა მავნებლურ დაავადებაზე კვლევები ტარდება. ასევე მცენარეები გამოჰყვათ და ფუნქციონირებს სასწავლო ბაზაც.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, ისინი პარკის გახსნას დაახლოებით ერთი წელია ითხოვენ. შენობა ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა. 

აჭარის მაუწყებელი ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში