რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმე - დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ 

23 ივნისი 2020, 14:04 1528 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

საქმეში სულ 3 ადამიანია ბრალდებული. ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძეს 7 აპრილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, მესამე ბრალდებულმა ვაჟა კონცელიძემ, 27 აპრილს ინასარიძის ქუჩაზე საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და იქ მყოფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ პროცესებს პოლიტიკური სარჩული აქვს

ელდარ ანთაძის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნით იყოს დაკავებული, თუმცა დავით ჯაფარიძის განმარტებით, ამის დამადასტურებელი ფაქტები ამ ეტაპზე არ აქვს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულ ანთაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ეს გარემოება მოსამართლემ აღმკვეთი მდგომარეობის შეცვლაზე მსჯელობისას უნდა გაითვალისწინოს.

ადვოკატები გათავისუფლების სანაცვლოდ10 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. 

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახები ირწმუნებიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მის მამას დავით რიჟვაძესა და პოლიციის სამმართველოს უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს  წინასაარჩევნოდ მხარდაჭერის მიზნით გარიგებაში ადანაშაულებენ. ყვებიან, რომ მაღალჩინოსნებმა მათგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს, სწორედ ამიტომ დაპირისპირება, წულუკიძისა და ანთაძის დაკავებით დასრულდა.

ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე ყვება, რომ მერიაში განცხადება დაწერა და 2000 ლარიც ჩაერიცხა, თუმცა მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი არ იყო. 

''რეზო მოვიდა სახლში და მითხრა - მერიაში უნდა მიხვიდე, განცხადება უნდა დაწეროო. ეს ბატონი დათო რიჟვაძის შემოთავაზება იყო. განცხადება დაგვაწერინა. მარტო მე, ჩემი სურვილით რომ მივსულიყავი,  რა თქმა უნდა, არავინ არ მომცემდა თანხას. მიენიჭა სტატუსი, რომ ეს თანხა იყო ერთჯერადი სოციალური დახმარება.  ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის'' - უთხრა ჟურნალისტებს დღეს სასამართლო პროცესზე მისულმა რეზო წულუკიძის მეუღლემ. 

პატიმრობაში მყოფი რეზო წულიკიძის მეუღლის ანგარიშზე  სოციალური დანიშნულების სახით სახელფასო ხაზინიდან 2000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა გაასაჯაროვეს. 

რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი არ უარყოფს, რომ თანხა ოჯახებს ნამდვილად დაურიცხეს. ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ხელისუფლებამ მოქალაქეებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე გადასცა. 

''მთელ რიგ შემთხვევებში მოქალაქეებს უწევთ ინდივიდუალურად მიმართონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ადმინისტრაციას, რასაც არ ფარავს სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამები. ასეთ შემთხევაში ინდივიდუალურად ხდება თემების განხილვა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და სარეკომენდაციო წერილს  ვაბრუნებთ აჭარის მთავრობაში, თავმჯდომარის სახელზე, რომ მსგავს შემთხვევებში გაიცეს მატერიალური დახმარება'' - განაცხადა მინისტრმა. 

აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ გადაცემა ''თავისუფალ სივრცეში'' ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძის თქმით, გახმოვანებული ბრალდებები ცილისწამებაა, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახებმა დახმარება ნამდვილად მიიღეს. 

''ამ ოჯახსაც, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, დავხმარებივარ, მათ შორის ფინანსურადაც. რა თქმა უნდა ამ ცილისწამებას და ბრალდებას მე არ მივიღებ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში არაერთი ხმაურიანი აქცია გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში