საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მერაბ ტურავა უხელმძღვანელებს

25 ივნისი 2020, 16:38 3008 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს.  მერაბ ტურავამ  9  მოსამართლიდან 5 -ის მხარდაჭერა მიიღო. იგი სასამართლოს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

"დღეიდან უფლებამოსილი ვარ შევუდგე მუშაობას და შევეცდები მედიასთან, ჟურნალისტებთან, პრესასთან  ვიყო გახსნილი და ყველა კითხვას, რომელსაც თქვენ დასვამთ  საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იყოს პასუხგაცემული.

მე 5 წელზე მეტია სასამართლოში ვმუშაობ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელსაც ასევე ემატება აკადემიური საქმიანობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო, გავაფართოვო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე"-განაცხადა მერაბ ტურავამ.

პლენუმმა თავმჯდომარის არჩევის საკითხი ფარული კენჭისყრით გადაწყვიტა.

"პროცედურა წარიმართა რეგლამენტის მიხედვით. თავმჯდომარეობის კანდიდატებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა პლენუმის წინაშე. ამის შემდეგ პლენუმის წევრების მხრიდან მოხდა კითხვების დასმა და ამის შემდეგ ფარული კენჭისყრით მათ დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა. ვინაიდან კენჭისყრა ფარული იყო, კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუ რომელმა მოსამართლემ რა გადაწყვეტილება მიიღო. ინდივიდუალურად მოსამართლეებმა შეიძლება გადაწყვიტონ, გააკეთებენ თუ არა კომენტარს ამ საკითხზე.

პლენუმის მუშაობის ფორმატი გრძელდება. მათი გადასაწყვეტია თუ ვინ დაიკავებს სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ მას იკავებდა მერაბ ტურავა, ეს პოზიცია ვაკანტური გახდა"-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

ზაზა თავაძის შემცვლელს  პლენუმის წევრები საპროტესტო აქციის ფონზე ირჩევდნენ.  პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის"  წევრების თქმით, კენჭისყრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მანანა კობახიძის ხმას, ამიტომ მას სამართლიანი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ.

თავმჯდომარეობისთვის პლენუმის ორი მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იბრძოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში