თუ დადასტურდა სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან იძულების ან გადაცდომის ფაქტი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება-ვლადიმერ ბორცვაძე

26 ივნისი 2020, 14:50 1034 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდგომ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ არ გაკეთდა მსგავსი განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ? ეს განცხადება გაკეთდა მას შემდგომ, რაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება.

მიუხედავად ამისა, ეს განცხადება შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა, თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში