აქცია მაუწყებლის დასაცავად

27 ივნისი 2020, 20:17 1702 ნახვა

ვიცავთ იმას, რაც ჩვენია! ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე გარედან თუ შიგნიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გავლენების ქვეშ მოქცევას  შეეცდება ვინმე. ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე არ შეწყდება უსამართლო დევნა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტების, ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებაში თავმოყრილი ჟურნალისტების, მენეჯმენტისა თუ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების... ჟურნალისტების დიდი ნაწილი ვთვლით, რომ რეპრესიული ანგარიშსწორების მიზეზები სუბიექტურია. ამაში, ცხადია, არ გვეთანხმება მაუწყებლის მენეჯმენტი.

ხელმძღვანელები არც იმ აქციის შინაარსსა და მთავარ მოწოდებაში მოგვყვებიან, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სოლიდარობით გაჯერებული გამოდგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ აქციას შემოუერთდნენ სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელები და წევრები, ჟურნალისტები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და მედიასაშუალებიდან, პოლიტიკოსები და აპოლიტიკური ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები. მაუწყებლის მენეჯმენტი არც იმ სარჩელების შინაარსს ეთანხმება, რომლითაც ჟურნალისტებმა და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრებმა  სასამართლოს მიმართეს.

ჟურნალისტებმა მიმართეს პროკურატურასაც. რა სახე მიიღო პროცესებმა მაუწყებელში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორია კრიტიკულად მოაზროვნე გუნდის მომავალი?

დღეს ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ჩვენი სტუმრები იქნებიან: მალხაზ რეხვიაშვილი - ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი, ნათია ქარჩილაძე - გადაცემა„ათვლის კუთხის“ წამყვანი. რაც შეეხება მენეჯმენტს - მათ არ სურთ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ ეთერში, ამიტომაც გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში