თურქეთში დასაქმებულებმა 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისამდე უნდა გაიარონ

29 ივნისი 2020, 14:00 9721 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ დასაქმებულები, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამისთვის კი ისინი 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ( https://compensation.moh.gov.ge/ ) უნდა დარეგისტრირდნენ.

უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

''საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე'' - წერია განცხადებაში. 

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 მოქალაქემ მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. საერთო ჯამში გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

თურქეთში თვითდასაქმებულებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს და ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ პანდემიის გამო, მეზობელ ქვეყანაში ვეღარ დადიან და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში