ბათუმის ბიუჯეტს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 16 მილიონი ლარი მოაკლდა

30 ივნისი 2020, 12:59 1691 ნახვა

რატომ არ შესულა ამ დრომდე საკრებულოში ქალაქის კორექტირებული ბიუჯეტი - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დასვა. საკითხით მირდატ ქამადაძე დაინტერესდა.

''დღემდე არ შემოსულა ბათუმის კორექტირებული ბიუჯეტი და ვაპირებთ საერთოდ ცვლილებების შეტანას თუ იმ ბიუჯეტით ვაპირებთ ცხოვრებას, რომელიც გვაქვს, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი დაანონსებული ღონისძიება გაუქმებულია'' - მიმართა დეპუტატებს საკრებულოს წევრმა. 

მას პასუხი ბათუმის ვიცე მერმა გასცა, რომელიც სხდომას ესწრებოდა. ჯაბა ტუღუშმა თქვა, რომ კორექტირებული ბიუჯეტი მზადდება და ის საკრებულოს ახალი კვირის დასაწყისში განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეგზავნება. 

ვიცე მერის განმარტებით, დაახლობით 11 ნახევარი მილიონი ლარით მცირდება, მეორე კვარტალში დაგეგმილი საბიუჯეტო მაჩვენებლები. ეს არის  ძირითადად დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებული ნაწილი. 

გარდა ამისა, 16 მილიონი ლარი მოაკლდა ამ ორ კვარტალში ქალაქის ბიუჯეტს, რომელიც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო. 

ჯაბა ტუღუშმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის მერიას აქვს სასესხო ვალდებულებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რათა ვალის და სეხის რესტრუქტურიზაცია მოხდეს.  

''მიმდინარე თვის მეორე დეკადაში მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსგან განახლებული მაჩვენებელი ბიუჯეტის შემცირებაზე. საორიენტაციო მაჩვენებელი დღგ ნაწილში 7 მილიონით შემცირდება. ქონების ნაწილში 4 ნახევარი მილიონით, რაც ჯამში 11 ნახევარი მილიონია. გარდა ამისა გასული ორი კვარტლის მონაცემებით ჩვენ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბიუჯეტის შეგვიმცირდა.  ფაქტიურად 16 მილიონის ოდენობით მინუსში ვართ'' - განაცხადა ვიცე-მერმა. 

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი 172 მილიონ 227 ათასი ლარი იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში