2020 წლის პირველ ნახევარში, სამშენებლო სფეროში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა - მინისტრი

02 ივლისი 2020, 10:53 1281 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში იმყოფებოდა. ეკატერინე ტიკარაძე მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით აჭარის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლს მნიშვნელოვანია.

„2019 წელს გვქონდა კარგი შედეგი სამშენებლო სფეროში - 24%-ით შემცირდა ლეტალობა სამუშაო ადგილებზე, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში - 35%-ით. ეს ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა შრომის ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ის გავრცელების დროს შრომის ინსპექციამ უპრეცედენტო სამუშაო გასწია გაიდლაინების და რეგულაციების შემუშავებით. ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული ზომების კომბინირებული აღსრულება, არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„საქართველო იყო აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეაქტიურებინა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უზრუნველყოფს დასაქმებული პირის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აპლიკაცია „მშენებლობის უსაფრთხოება“ წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში