ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

03 ივლისი 2020, 11:33 2075 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ქუთაისში იმყოფება, სადაც შემოვლითი გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული საავტომობილო გზა რამდენიმე დღეა ჩაკეტილია და მოქალაქეები ვეღარ სარგებლობდნენ. 

გიორგი გახარიამ თქვა, რომ დღეს გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, წლის ბოლომდე კი სრულად გაიხსნება.

''უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო, ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი. წლის ბოლომდე ეს გზა სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. უმნიშვნელოვანესი კვანძია წითელი ხიდი-სარფის მონაკვეთში. წელს  ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც  დროის ეკონომიასთან ერთად მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრილოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს. შემოდგომამდე კი ხაშურის შემოვლით გზას. ესეც უდიდესი დისკომფორტის შემცველი იყო ჩვენთვის ყველასთვის, მოქალაქეებისთვის'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

ახალი მონაკვეთის გახსნის შედეგად, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდება ორივე მიმართულებით. ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

შემოვლიი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს.

ქუთაისის შემოვლითი გზის სრულად დასრულების შემდეგ, მანძილი მცირდება 7 კმ-ით, მგზავრობის დროს, იგივე მონაკვეთის გავლას 1 საათის ნაცვლად დასჭირდება 20-25 წუთი

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში