ბათუმში ერთ აბიტურიენტს მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს და გამოცდიდან მოხსნეს 

06 ივლისი 2020, 17:49 7039 ნახვა

ბათუმში, პირველ სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. მიზეზი ტესტირებაზე აკრძალული ნივთის შეტანა გახდა.

როგორც აჭარის მაუწყებელთან საუბრისას, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, აბიტურიენტმა ნოკიას ტიპის მობილური ტელეფონი შეიტანა. 

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, აბიტურიენტებს მხოლოდ დეტექტორით ამოწმებენ. ქეთევან გვარჯალაძე ამბობს, რომ კონტროლის დროს აპარატმა საეჭვო ნივთი ვერ დააფიქსირა.

ტელეფონის ზარი გამოცდის მიმდინარეობის დროს კურატორმა გაიგონა და აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. 

''ნოკიას ძველებური ტელეფონი იყო, ძალიან პატარა. გასულ წლებში ​ყოველდვის დაცვის პოლიციას ჰქონდა უფლება აპლიკანტი შეემოწმებინა. წელს პანდემიის გამო მხოლოდ დეტექტორით ვამოწმებთ. ვირუსის გამო ხელით შეხების უფლება არ გვაქვს. დეტექტორმა ვერ აღმოაჩინა, სად ჰქონდა დამალული არ ვიცით. ფაქტია, რომ დათვალიერების დროს ვერ დააფიქსირა. აბიტურიენტებს აკრძალული ნივთის შესახებ ყველგან ვაფრთხილებთ. წესების შესახებ უნდა სცოდნოდა, არ ვიცი მისი ეს საქციელი რას დავაბრალო. არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, როგორც კი დააფიქსირეს ეს აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან'' - განაცხადა ქეთევან გვარჯალაძემ. 

გამოცდაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია, მათ შორის ერთი ხულოში, სამი კი ბათუმში. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში