უნდა გაუქმდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები - საკონსტიტუციო სარჩელი

08 ივლისი 2020, 14:05 1351 ნახვა

„ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

სადავოა  პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუცია საგანგებო მდგომარეობისას ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცემული პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე , რომელიც საჭიროებს პარლამენტის მიერ დამტკიცებას.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობისას უფლების შეზღუდვის არსი და ფარგლები დადგენილი უნდა იყოს თავად პრეზიდენტის დეკრეტით და დაუშვებელია  მთავრობისათვის იმგვარი უფლებამოსილების მინიჭება, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ   შემოიღოს   ამა თუ იმ უფლების შემზღუდველი რეგულაცია.

მოსარჩელე მხარის პოზიციით,  მთავრობისათვის ამგვარი ფართო უფლებამოსილების დელეგირება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.

დამატებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს,  პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე შეკრების უფლების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას.

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო, 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები, სახდელისგან გათავისუფლდებიან , მათ კი ვინც უკვე გადაიხადა - სახელმწიფო ვალდებული იქნება უკან დაუბრუნოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში