აქცია თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით

08 ივლისი 2020, 18:15 1576 ნახვა

ხმაური იყო უმაღლეს საბჭოსთან, სადაც თურქეთში თვითდასაქმებული მოქალაქეები აქციას მართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ ლადო მგალობლიშვილის გამოჩენას და სამუშაო კაბინეტში ჟურნალისტების გარეშე შეხვედრის შეთავაზებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები თავიდან არ თანხმდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ნაწილი შეხვედრაზე შევიდა, რისი საშუალებაც არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. თურქეთში დროებით დასაქმებულები მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ან მიმოსვლის აღდგენამდე ყოველთვიურ დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ თურქეთის რესპუბლიკა და სეზონური დასაქმებაა.

პანდემიის განმავლობაში, თურქეთში დასაქმებულებმა  საზღვრის გახსნის მოთხოვნით უკვე მეხუთე აქცია გამართეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილები, მთავრობის დახმარების იმედად რჩებიან. საქართველოს მთავრობამ თურქეთში თვითდასაქმებულების არაერთი აქციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებზე გასცეს 300-ლარიანი კომპენსაცია, თუმცა რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ მათ თანხა ჯერ არ მიუღიათ.  

აღნიშნავენ, იმასაც, რომ  ერთჯერადი კომპენსაცია მათთვის საკმარისი არ არის. აჭარის დასაქმების სააგენტოში, ამ დროისთვის უსამსახუროდ დარჩენილი 1 400-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში იყო თვითდასაქმებული. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში