გარკვეული თაღლითური ჯგუფები, დოკუმენტების მომზადების სანაცვლოდ მეზღვაურებს ფულს სძალავენ - ტრანსპორტის სააგენტო

09 ივლისი 2020, 10:40 3021 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ თაღლითური ჯგუფები კორონავირუსის პანდემიით სარგებლობენ და მეზღვაურებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დოკუმენტების მომზადებას ჰპირდებიან. ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებს. 

''ბოლო პერიოდში, არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დოკუმენტების მოგვარების მიზნით მეზღვაურებს სძალავენ ფულად თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია შესაბამისი ორგანოები. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებასა და გემებზე დასაქმებაში, რისი დასტურიცაა ის 1200-მდე ქართველი მეზღვაური, რომლებიც შეფერხების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაემგზავრნენ ქვეყნიდან, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების და საქართველოს საკონსულო სამსახურების 24 საათიანი მუშაობის შედეგად'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, დღემდე სანავსადგურე სექტორი შეფერხებების გარეშე აგრძელებს მუშაობას, მეზღვაურების როტაციის პროცესი კი - ქართველი მეზღვაურებისათვის სპეციალურად შექმნილი დერეფნების მეშვეობით ხორციელდება. ამ ე.წ. “მწვანე დერეფნებით” უზრუნველვყოფთ მეზღვაურების როგორც გემიდან დაბრუნებას, ასევე გემზე სამუშაოდ წასვლას. 

'' პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაეხმარა საქართველოს მოქალაქე 1200-მდე მეზღვაურს და სხვა ქვეყნის მოქალაქე 100-მდე მეზღვაურს. 

დერეფნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დადასტურებული კონტრაქტის პირობებში, რომლის ნამდვილობაც მოწმდება უშუალოდ გემთმფლობელთან, და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება მხოლოდ დადასტურებელი დასაქმების შემთხვევაში'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში