მთავრობის გადაწყვეტილებით რთველის სუბსიდირება მოხდება

09 ივლისი 2020, 11:40 2409 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა რთველის სუბსიდირებაში ჩაერთვება. გიორგი გახარიას თქმით,  სუბსიდირება შეეხება ისეთ ჯიშებს, როგორიცაა რქაწითელი და კახური მწვანე. მათი ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება.

„რთველი გვიახლოვდება. ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველას მოგეხსენებათ როგორ ვითარდება მევენახოება და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2.5% და დღეის მონაცემებით, ეს არის 6%. ეს არის ძალზედ სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის, ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძებზე - რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი”, - განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 30 თეთრიან სუბსიდიას მიიღებენ მსხვილი კომპანიები, რომელიც ათას ტონაზე მეტი იშვიათი ჯიშის ყურძნის წარმოებას შეძლებენ. სუბსიდირება ეხება მხოლოდ, რქაწითელს და კახურ მწვანეს. სხვა ჯიშს არა. ლევან დავითაშვილის თქმით, ყურძნის ფასი მინიმუმ 80 თეთრი უნდა იყოს და ეს საკითხი კომპანიებთან უკვე შეჯერებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში