ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი ხუთი დასახელების პროდუქტში აღმოჩნდა 

09 ივლისი 2020, 17:38 1886 ნახვა

Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით​, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან ხუთში,  საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა. კვლევებისათვის მასალა გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ იყო გადაგზავნილი.

ნიმუშებს სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე ამოწმებდნენ. 

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია.

''მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას'' - აღნიშნულია  Momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევებით, არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა. 

''სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. 

ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა. თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად.

დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კვლევის შედეგები ვრცლად იხილეთ ლინკზე: https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6740?fbclid=IwAR2LXfNl3kI4ln2Vn5C4GM_2TPa4BvTqgPqFqbLP8rQ7VIlbNYk_JPJBAbY

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში