წელს საქართველოში ცოფის 35 შემთხვევა დაფიქსირდა

10 ივლისი 2020, 14:28 1667 ნახვა

წელს საქართველოში ცოფის 35 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან 20 ძაღლი, 10 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 5 კი გარეული ცხოველია. სურსათის ეროვნული სააგენტომ წელს პროფილაქტიკური ვაქცინაცია უკვე ჩაუტარა 110 ათას ძაღლს და კატას, იძულებით აიცრა 15 ათასამდე დაავადების ამთვისებელი ცხოველი. წლის ბოლომდე კი 270 ათასამდე ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო წლებში, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა.

"ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ: 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც. თუმცა, საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში გამოწვევად რჩება გარეული და არავაქცინირებული,დაავდებული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ცოფის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან; შედგა ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ვეტერინარებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მიმდინარეობს მუშაობა ტრანსსასაზღვრო ორალური ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე"-აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ უფასო ვაქცინაციას. 

სააგენტოს რეგიონული და რაიონული ოფისების ვეტერინარები მოუწოდებენ მოსახლეობას ცხოველი წელიწადში ერთხელ აცრან, რადგან ვაქცინაცია დაავადებისაგან დაცვის მთავარი მექანიზმია.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შედეგი 100%-იანი ლეტალობით მთავრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში