ასფიქსია წყალში დახრჩობით - ექსპერტიზის დასკვნა

10 ივლისი 2020, 19:01 1633 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა, საფუძველი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდა. “ეს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა იყო, გარდაცვალების მიზეზი კი ასფიქსია წყალში დახრჩობით”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ასევე დადასტურდა, რომ შაქარაშვილი ინციდენტისას ფხიზელი იყო. დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ 19 წლის ბიჭს მრავლობითი დაზიანებები მკვრივი-ბლაგვი საგნით მიაყენეს: სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლსა და თავზე, ასევე სახეზე, კიდურებსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. თუმცა უცნობია, როგორ აღმოჩნდა წყალში გიორგი შაქარაშვილი.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია. ახლა გამოძიებამ ისიც უნდა დაადგინოს, ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. ადვოკატთა ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ დამნაშავეთა სია გაიზრდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში