ალბათ უნივერსიტეტისთვის მიუღებელი კანდიდატურა ვიყავი - ინგა შამილიშვილი ბსუ-ს რექტორის არჩევნებზე 

15 ივლისი 2020, 16:23 1979 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ მერაბ ხალვაში უხელმძღვანელებს. მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. 

რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. 

''ალბათ დღეს მე მიუღებელი ვიყავი უნივერსიტეტისთვის'' - უთხრა ჟურნალისტებს ინგა შამილიშვილმა და განმარტა, რომ ეს ნაწილობრივ მისი განათლების მინისტრის პოზიციიდან გადაყენებას უკავშირდება.  მისივე თქმით,  პოლიტიკური გეგმები არ აქვს და უნივერსიტეტში რჩება. რაც შეეხება შედეგს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

''როცა ამ ბრძოლაში შევდიოდი, ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული. არანაირი ემოცია აქ არ იყო. ერთ რამეს ვიტყვი, ეს იყო შედეგი, რომელიც ვიცოდი,  რომ დადგებოდა. არაფერს არ ვმალავ. დღეს მე უნივერსიტეტისთვის მიუღებელი კანდიდატურა ვიყავი. ეს იყო ძალიან ბევრი საკითხის ლუსტრაცია. მაქვს კითხვები, ამ კითხვის ნიშნებს სხვა ფორმატში დავსვამ.  

მადლობა აკადემიური საბჭოს წევრებს, რომ მომისმინეს. მე არცერთი მათგანისთვის წინასწარ არ მიმიმართავს და ხმის მოცემა არ მითხოვნია. მინდა მერაბს წარმატებები ვუსურვო. ​უნივერსიტეტში ვრჩები და ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ასევე დავაკვირდები პროცესებსაც'' - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება?  ინგა შამილიშვილი   პასუხობს: რა თქმა უნდა. დავასრულოთ ამაზე საუბარი. დღეს მე მიუღებელი ვიყავი უნივერსიტეტისთვის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრს ინგა შამილიშვილს თანამდებობა 2019 წლის 26 მაისს, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მას შემდეგ დაატოვებინა, რაც ბათუმის ქუჩებში ფესტივალის ფარგლებში სტუმრები რუსული დროშებით გამოჩნდნენ.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში