ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის მერიაში - საპროტესტო აქცია

16 ივლისი 2020, 12:56 2067 ნახვა

ქობულეთში, მერიის შენობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავისუფლების #19-ში მდებარე, ყოფილი სტატისტიკის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში შეიჭრნენ. ისინი ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა. მათივე განმარტებით, დეპუტატი  არჩევნების შემდეგ  შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.

სამართალდამცველების, დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.



ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალალო აქტივისტები და სამართადამცველები.

რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩამოვიდა მერის პირველი და მეორე მოადგილე. ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს გამოიყოს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომლებიც მერს შეხვდებიან. თუმცა აქციის მონაწილეები ამ შემოთავაზებას არ დათანხმდნენ, ამბობენ, რომ მერი 12-ვე მათგანს უნდა შეხვდეს.

ყოფილი სტიტისტიკის შენობაში თვითნებურად შეჭრილები ამბობენ, რომ თუ მირიან ქათამაძე მათ უახლოეს საათებში არ შეხვდება, ისინი მის კაბინეტში შეიჭრებიან ან აღმაშენებლის ქუჩას გადაკეტავენ.

აჭარის მაუწყებელი დეპუტატ მალხაზ რომანაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში