თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, „აია-სოფიას მეჩეთი“ ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები ხელუხლებელი დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში იყო,“ - აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.
მისივე თქმით, თურქეთმა, „აია-სოფიას მეჩეთში“ ყველა მიიწვია.
„მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის - მორწმუნეებისთვის, არამორწმუნეებისთვის, მუსულმანებისთვის, ქრისტიანებისთვის, ბუდისტებისთვის. ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აია-სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.