სარიტუალო დარბაზის მფლობელები მუშაობის უფლებას ითხოვენ - აქციაზე საქორწინო ატრიბუტიკაც მიიტანეს 

20 ივლისი 2020, 13:02 10661 ნახვა

სარიტუალო დარბაზების მფლობელები და დასაქმებულები ბათუმში აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას მუშაობის დაწყების ნებართვას სთხოვენ. ამბობენ, რომ ბიზნესი ჩაუვარდათ, შემოსავლის გარეშე და ბანკის სასესხო ვალდებულებებით დარჩნენ. 

აქციაზე იმყოფებიან ასევე მუსიკოსები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და სარიტუალო დარბაზში დასაქმებული სხვა პერსონალიც. 

მოქალაქეებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საქორწინო ატრიბუტიკაც მიიტანეს - ყვავილები და თეთრი ბადეები. 

''გახსენით საქორწინო დარბაზები'', ''დავრჩით უმუშევარი'', ''მოგვეცით მუშაობის უფლება'' - ამ შინაარსის ბანერებით მოქალაქეები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ და მთავრობას გადაწყვეტილების შესაცვლელად, ვადას პირველ აგვისტომდე აძლევენ. 

''პირბადითაც კი ვიმღერებთ, მთავარია, ამის უფლება მოგვცენ. სამსახურის და შემოსავლის გარეშე დავრჩით. ყველა წესს დავიცავთ, რასაც სპეციალისტები დაადგენენ. ეს გამაფრთხილებელი აქციაა, შემდეგ კიდევ გვექნება'' - უთხრა მაუწყებელს ერთ-ერთმა მუსიკოსმა. 

აქციის მიმდინარეობის დროს ტერიტორიაზე შეყვარებული წყვილი სეირნობდა. მოქალაქეებმა ახალგაზრდა ქალს საქორწინო ფატა გაუკეთეს, მუსიკოსებმა კი სიმღერა: ''ვისია, ვისია, ქალია ლამაზი'' შეასრულეს. 

 

ქორწილებისა და ქელეხის გადახდა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე აკრძალულია. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში