ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, რაც საყურადღებოა - გამყრელიძე

21 ივლისი 2020, 13:34 1441 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლოს დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელს აჭარბებს, რაც დამაფიქრებელია.

ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მდგომარეობა გარდაბანში, სადაც რამდენიმე კლასტერია. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები კი სხვადასხა ბაზრობებზე მუშაობენ, რაც ვირუსის გავრცელებისთვის სახიფათოა.

ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 63 ფაქტი, აქედან შვიდის წყარო უცნობია.

''ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და 46 გამოჯანმრთელებული. ეს ერთგვარი ინდიკატორია, რაც დამაფიქრებელია. ამიტომ შესაბამისი ზომებია გასატარებელი.

ბოლო ერთი თვის და თვენახევრის განმავლობაში, ყოველდღიურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი და გვაქვს პირიქით.

ბოლო შემთხვევებიდან 24 მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე. სოფელ ყარაჯალარშია ყველაზე მეტი. ყველაფერი ეს საყურადღებოა. ამ სოფლებიდან გამოვიკვლიეთ 1077 ადამიანი და 24 პასუხი დადებითია. 94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში. ცოტა რთულია მოსახლეობასთან კონტაქტი და მათი კარანტინში გადაყვანა.

დილიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება, 6 ბრიგადა მუშაობს. 107 ნიმუში აღებულია და დღეს 700 ავიღებთ, დროულად უნდა ჩავახშოთ ეპიდაფეთქება. ისინი აქტიური ადამიანები არიან და მუშაოებენ ბაზრობებზე. მათ შორის ლილოს და დინამოს, ასევე სხვადახვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობაზე'' - განაცხადა გამყრელიძემ.

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი და ბაზრებში კონტროლი გამკაცრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში