არ გამოვრიცხავ სოფლების ჩაკეტვას, თუ მოსახლეობის მხრიდან დამყოლობა არ იქნა - ამირან გამყრელიძე

22 ივლისი 2020, 13:13 1892 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ გარდაბანში მოსახლეობა ეპიდემიოლოგებთან თანამშრომლობაზე შემდგომშიც უარს განაცხადებს, შესაძლოა საკოორდინაციო საბჭოს სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ სოფლებში 7000-მდე მოსახლე ცხოვრობს, რომლებიც რუსთავის, ლილოს და თბილისის ბაზრობებზე მუშაობენ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. 

"პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ეს არის ფრიად საყურადღებო. ეს გარკვეულად პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი შემსუბუქების პროცესის დროს შესაძლებელია შემთხვევათა მატება. მთავარია, რომ მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულად მართვადი. ამიტომ მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ყურადღება მოსახლეობაში მოდუნდა და შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, მისი დამარცხება მოხდება ერთიანად, გლობალურად ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. ის არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად.

განსაკუთრებულად ცხელი წერტილი არის ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ გაჩიანის დასახლება. სადაც 3 სოფელი შედის. აქედან 2 სოფელში გვაქვს ჯამში 34 შემთხვევა. დღეს დილისთვის გამოვლენილი შემთხვევებიდან 10 სწორედ გაჩიანის კლასტერზე მოდის. ტარდება სერიოზული ღონისძიებები. 7 გზა შედის ამ სოფლებში და ყველა შესასვლელში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მაგრამ სამწუხაროდ არის ცუდი დამყოლობა მოსახლეობაში კვლევებზე.

გუშინ დავიწყეთ იქ გაფართოებული კვლევები. სამივე სოფელში ერთად დაახლოებით 7000-მდე მოსახლე ცხოვრობს. გვინდოდა, რომ ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია და ვინც იყო დადებითი, ჩვენი ვარაუდით ეს იქნება ალბათ მოსახლეობის 5% დან 10%-მდე მათი დროული იზოლაცია მოხდეს. სამკურნალოდ გადაყვანა, რაც ინფექციის გატანის რისკს მაქსიმალურად შეამცირებს.

მოსახლეობის უმეტესობა ამ სოფლებიდან მუშაობენ სხვადასხვა ბაზრებზე რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე, ამიტომ დიდი და მაღალია რისკი, რომ ინფექცია გავიდეს. მოსახლეობიდან სამწუხაროდ შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. მიუხედავად იმისა, რომ 6 ბრიგადა მუშაობდა გუშინ ადგილზე 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადას შეუძლია 700 დან 1000 ნიმუშამდე აღება. იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოსახლეობას მეტი თანამშრომლობისკენ მოვუწოდებ.

არ გამოვრიცხავ რადიკალურ ღონისძიებების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან და არ მოგვეცა კვლევების ჩატარების საშუალება. მაშინ ერთადერთი ნაბიჯი ამ სოფლების ჩაკეტვა იქნება და ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო.

ვთხოვ გაჩიანის მოსახლეობას, რომ მოგვცენ გამოკვლევის საშუალება. რათა ადრეულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში