პრემიერის განცხადებით, ოზურგეთის 49 სოფელში მაღალი სისწრაფის ინტერნეტი შევა

23 ივლისი 2020, 11:32 2366 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა.

გიორგი გახარიას თქმით, ოზურგეთის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება.

'' ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა.

ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, რათა ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი ისეთი დონე, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც ოზურგეთიდან იწყება და პირველ ეტაპზე 8500 ოჯახს მოიცავს. ​

''კოვიდის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გადავეწყოთ და გავხდეთ უფრო მეტად ინტერნეტიზირებული. შემოვიდეს ელექტრონული სერვისები, რაც მნიშვნელოვანია განათლებისთვის, მცირე ბიზნესისთვის, სასტუმროებისათვის, რომელიც შეთავაზებებს ინტერნეტში განათავსებენ.  ასევე ადამიანები, რომლებიც დასაქმდებიან და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოებს.

ამიტომ ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც განხორციელდება ოზურგეთში და უახლოეს თვეებში დაიწყება სამუშაო და წლის ბოლომდე დასრულდება. საუბარია 49 დასახლებაზე, ეს არის 8 500 ოჯახზე მეტი, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის ინტერნეტს. ეს პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება'' - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში