საქართველოში წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდება- Galt&Taggart

23 ივლისი 2020, 14:49 1599 ნახვა

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა წელს 58%-ით, საქართველოში კი, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდება. რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა.

ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება. კვლევის თანახმად 2021 წელს გაჯანსაღების ტემპი Covid-19-ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

კვლევაში საუბარია, რომ შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია კრიზისის შესამსუბუქებლად, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია.

"შიდა ტურიზმს დაეხმარება ის ფაქტი, რომ ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება. ქართველმა ტურისტებმა 2019 წელს საზღვარგარეთ 2.1 მლრდ ლარი დახარჯეს. მთავრობის დახმარება 200 მილიონი ლარის ანტიკრიზისული პაკეტი. ჩვენი შეფასებით ეს მხარდაჭერა არასაკმარისია კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

სექტორისთვის ყველაზე პრობლემატური საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა. ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას მთავრობის მიერ ტურიზმის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია - საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტურისტების ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ვიზიტორების უმეტესობა საქართველოს საკუთარი ავტომობილით სტუმრობდა"-წერია Galt&Taggart-ის კვლევაში.

კვლევის თანახმად, შიდა ტურიზმი ერთ-ერთი საშუალებაა კრიზისის შესამსუბუქებლად, მაგრამ საქართველოში მისი წილი დაბალია. ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში სტაბილურად მცირდებოდა და სექტორი უცხოელ ტურისტებზე მეტად დამოკიდებული ხდებოდა.

2020 წლის მეორე ნახევარში ქართველები ქვეყნის შიდა ტურიზმში 500 მილიონ დოლარს დახარჯავენ, საიდანაც 300 მილიონი დოლარი დაიხარჯება იმ მიზეზის გამო, რომ ქართველები საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ შეძლებენ, ხოლო დანარჩენი 200 მილიონი დოლარი ის თანხაა, რომელიც ყოველწლიურად იხარჯება შიდა ტურიზმში.

"ოპტიმისტურ სცენარში ის გათვლა გვაქვს, რომ სექტემბრიდან შეიძლება მეზობელ ქვეყნებთან გაიხსნას საზღვარი. პროგნოზების შეცვალა შეიძლება ხშირად მოგვიხდეს, იმიტომ რომ სიტუაცია ძალიან დინამიურია და ყოველდღიურად იცვლება.

2021 წელს შეიძლება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს სიტუაცია და ტურიზმაც შეიძლება დაიწყოს გაჯანსაღება. როგორც კი ეპიდსაფრთხეები მოიხსნება ტურიზმი მალე აღდგება, ამას დიდი დრო არ სჭირდება, მთავარია მწვანე შუქი აინთოს. ჯერ ეს მწვანე შუქი არ არის.

სექტორში შემოდიოდა 3,3 მილიარდი დოლარი და ხდება 1 მილიარდი დოლარი. ბუნებრივია ამ პირობებში ბევრ რესტორანს, სასტუმროს გაუჭირდება ფუნქციონირება და ვალდებულებების მომსახურება" - აცხადებს Galt&Taggart-ის ​ უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი.

მკვლევარები არც ცუდ სცენარს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ვინაიდან მეზობელი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ქვეყნები მთლიანი ჩამოსული ტურისტების 70% -ს შეადგენენ და რადგანაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ ქვეყნებში არახელსაყრელი რჩება, საზღვრების გახსნის ვადები კი ჯერ კიდევ გაუგებარია. სხვა ქვეყნებიდან სტუმრების ჩამოყვანის შემთხვევაშიც კი ეს სურათი არ შეიცვლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში