პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა - შსს

23 ივლისი 2020, 17:13 1704 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, ახლა გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა იგი მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

''პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები. - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა

მამუკა ჭელიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები ოჯახის მიერ განცხადების შეტანისთანავე დაიწყო.

'' შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები. სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი“, – განაცხადა ჭელიძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში