covid-19-ზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება - გამყრელიძე 

27 ივლისი 2020, 12:06 1388 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მუშაობენ პროექტზე, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, ბაზრობები მომატებული რისკის შემცველი ადგილებია, რადგან მოსახლეობის მობილობა მაღალია. 

''სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც როგორც ვთქვი მიმდინარეობს ტესტირება.  რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე.

გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ბაზრობების შემოწმება მიმდინარეობს და რამდენიმე ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს კიდეც. 

''დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. წინა კვირაში თბილისში ფაქტიურად შემოწმდა ყველა ბაზარი. მივაწოდეთ ყველა მათგანს ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა ცალკეულ ბიზნესსუბიქტებთან დაფიქსირდა ცალკეული დარღვევები. ამიტომ იძულებულნი გავხდით გამოგვეყენებინა სანქციები. ლილოს ბაზრობაზე დაჯარიმდა 14 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირებზე-1, დიდუბეში-3, ნავთლუღში-2, ვარკეთილში სამი ბიზნესსოპერატორი ფუნქციონირებს და დაჯარიმდა -1'' - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში