გამოკითხულთა 73% ვირუსის დაბალ გავრცელებას მთავრობასა და ექიმებს, 17% კი გენეტიკისა და რელიგიას უკავშირებს - NDI 

28 ივლისი 2020, 13:26 1458 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი COVID-19-თან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. რწმენა და კორონავირუსი - ეს არის გამოკითხვის ერთ-ერთი თემა. კითხვაზე: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას - რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით ინფიცირებისგან? 

გამოკითხულთა 53% მოსაზრებას ეთანხმება, 38% ასე არ ფიქრობს და შესაბამისად არ ეთანხმება, ხოლო 9 პროცენტმა არ ციის. დამატებით კვლევაში აღნიშნულია, რომ 35-დან 54 წლამდე ასაკის კატეგორიის მოქალაქეთა 61% ფიქრობს, რომ რწმენა იცავს. 

კვლევის ავტორები წერენ, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10 პროცენტმა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო. 

კითხვაზე რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას: 25% ამბობს, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე, 28% ამბობს, რომ უფრო იშვიათად. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა.

კითხვაზე: "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", დადებითი პასუხი 38%-მა გასცა, ხოლო 15% პასუხობს: "არ ვიცი".

ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა თანახმად:

“ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე”;

“ თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“ ;

“აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“ ;

“მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.

საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი - საქართველოს ხელისუფლებას, 73 პროცენტი - ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი - ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.

საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. 

NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში