ქართული ჟესტური ენა, პერსონალური ასისტენტი - რას ითვალისწინებს შშმ პირთა შესახებ ახალი კანონი?

28 ივლისი 2020, 13:49 1750 ნახვა

საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს.

კანონი შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები. ახალი კანონის პროექტის წერისას განხორციელებული კვლევის მიხედვით, ის 150 000-მდე პირს უნდა შეეხოს.

"საჭიროება იყო ძალზე მწვავე. საქართველო პირველად გადავა, შშმ პირის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი.

ამ კანონით ვაღიარებთ, რომ შშმ პირთა უფლებები პირველ რიგში ადამიანის უფლებების სფეროა და მხოლოდ ნაწილობრივ, ხანდახან შეიძლება იყოს სამედიცინო განხილვის საგანი.

პირველად ამ კანონით ჩვენ შემოგვაქვს ქართული ჟესტური ენის განმარტება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს ენა დაიცვას და მისი პოპულარიზაცია და სწავლება მოახდინოს, რათა არავინ არ იყოს გარიყული საზოგადოებისგან.

შემოდის პერსონალური ასისტენტის ცნება, რომელსაც შშმ პირები ხშირად საჭიროებენ და დიდხანს ელოდნენ მის ინსტიტუციონალიზაციას

მუნიციპალიტეტებს უჩნდებათ ახალი ვალდებულებები და შემოდის ისეთი ცნება, როგორიც არის გონივრული მისადაგება, რაც აქამდე არ არსებობდა. 

მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და სამთავრობო სტრუქტურები იღებენ ვალდებულებას, რომ 15 წლიან პერიოდში თითოეული ახალი შენობა იქნეს გარდაქმნილი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მისაწვდომობის სტანდარტი"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

UNICEF საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში დღემდე არასწორ შეხედულებებს ასახელებს. 

მაია ქურციკიძის განცხადებით, სტიგმა შემცირებულია, თუმცა მიზნამდე ჯერ კიდევ ბევრია.

"სტიგმა და ნეგატიური განწყობები არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის, საზოგადოების ცხოვრებაში შშმ პირთა ჩართულობას. ეს არ არის გასაკვირი, რადგან საქართველო იყო ჩაკეტილი, პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში ეს ადამიანები იყვნენ ჩაკეტილი საზოგადოებისგან, მათ არავინ არ ხედავდა. ისინი არ იყვნენ ჩართული განათლებაში, დასაქმება, შესაბამისად საზოგადოებას გაუჩნდა შიში. თუმცა დროთა განმავლობაში ეს მიდგომები შეიცვალა. ჩვენ გვქონდა კვლევები თუ რამდენად სტიგმატიზაციას ახდენდა მოსახლეობა ამ ადამიანების. 2015 წელს თუ ეს იყო მოსახლეობის 41%, 2017 წელს სტიგმატიზაციას ახდენდა უკვე 28%. რიცხვი შემცირებულია, სამწუხაროდ მის შემდეგ არ ვიცით რა მდგომარეობაა, თუმცა იმედია კიდევ უფრო შემცირდა მონაცემები, რადგან არაერთი ღონისძიება განხორციელდა მას შემდეგ. მათ შორის UNICEF-ი ევროკავშირის და USAID-ის დახმარებით 2017 წლიდან ატარებს კამპანიას "დაინახე ყველაფერი" რომელიც დღემდე გრძელდება და სწორედ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შემცირებას და მითების გაქარწყლებას ემსახურება, რომელიც შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში დღემდე არსებობს.

სტიგმა შემცირებულია, თუმცა მიზნამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. ყველანაირად ვცდილობთ ერთიანი ძალისხმევით, რომ ეს ადამიანები ჩართულნი იყვნენ საზოგადოების ყველა სფეროში და ახდენდნენ სრულფასოვნად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას"-განაცხადა მაია ქურციკიძემ.

მაია ქურციკიძე სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათი როლი ძალიან დიდია.

"სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სტიგმა ერთ-ერთი ბარიერია, თუმცა იქ არის სხვა საკითხებიც როგორიცაა მომსახურების არსებობა, შშმ პირთათვის საგანმანათლებლო სივრცეებში სათანადო  პირობების შექმნა, დასაქმების შესაძლებლობები და ის, რომ გარემო იყოს მორგებული მათი ადაპტაციისთვის. სასიკეთო ცვლილებები ხდება, მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი და გასაკეთებელი ამ მიმართულებით ბევრია.

ვეხმარებით მთავრობას, რომ სამედიცინო მოდელიდან მოხდეს სოციალურ მოდელზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს, რომ ბარიერები არის გარემოში და არა ადამიანებში და იმედია, რომ ესეც იქნება"-განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ახალი კანონი ჩაანაცვლებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონს.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში