EMC აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

01 აგვისტო 2020, 15:03 1804 ნახვა

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დირექტორის გადაწყვეტილება  სამართლებლად დაუსაბუთებელია,  განმარტავენ, რომ პირის დამნაშავეობის საკითხს სასამართლო წყვეტს და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური წარმოების შედეგად დაადგინოს დასაქმებულის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ადამიანის უფლებებისა სწავლების და  მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით მაუწყებლის დირექტორის მტკიცება, რომ გიორგი მურვანიძემ და შოთა გურაბანიძემ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.EMC​-ი ხაზს უსვამს გარემოებას, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიხედვით  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი  კონფლიქტის დაწყებას ესწრებოდა, მისთვის აღქმადი იყო ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, გიორგი კოხრეიძემ უმოქმედოდ, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა ადგილი და ამით ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას. ცნობისთვის გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდაჭერის აქცია 2 ჯერ გაიმართა, აქციის მონაწილეებმა გუგა ქადიძის, ბაჩო გურაბანიძისა და  გიორგი მურვანიძის სამსახურში დასაბრუნებლად  ხელმოწერებიც შეაგროვეს და პასუხს მენეჯმენტისგან ორშაბათს ელოდებიან.

მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ გაეცნობა მოთხოვნებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ასევე ამბობს, რომ განიხილავს ხელმოწერების შეგროვების შესახებ გაკეთებული განცხადების შინაარსსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში