აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

04 აგვისტო 2020, 20:04 3845 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, სამ განთავისუფლებულ თანამშრომელთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას.

მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივ კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს.

ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში