გონიოს ციხეში ოსმალური და რომაული პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს

10 აგვისტო 2020, 16:54 1881 ნახვა

წელს გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია საველე სამუშაოებს ორ უბანზე აწარმოებდა. გათხრების შედეგად პირველ უბანზე გამოვლინდა ოსმალური და რომაული წყალგაყვანილობის სისტემები, რომაული ეპოქის საკანალიზაციო სისტემა და შენობის საძირკვლის წყობის ნაშთები-აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

გათხრების შედეგად წარმოდგენილია ოსმალური და რომაული პერიოდის არტეფაქტებიც. ჩიბუხები, ფაიანსი, მოჭიქული კერამიკა, სინოპური ამფორები, ლუთერიები, სხვადასხვა სახის ქოთნის, ქვაბ-ქოთნისა და სამზარეულო ჭურჭლის ნატეხები.

"ირკვევა, რომ ციხის ამ მონაკვეთში რომაულ პერიოდში I-II სს-ში საკმაოდ ინტენსიური ცხოვრება ყოფილა, განსაკუთრებით II-III სს ყოფილა გამორჩეული. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა და შენობის საძირკვლის ნაშთები. მეორე უბანი ციხესიმაგრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს (NW XII). ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის არტეფაქტები. ამ უბანზე გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა II-III საუკუნით თარიღდება.

ამფორების, ჯამ-ჭურჭლის, მინის და კრამიტების ფრაგმენტების პარალელურად აღმოჩნდა 6 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მათგანის ავერსზე იმპერატორი ადრიანეა (117-138 წწ) გამოსახული, ხოლო რევერსზე გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, ხელში დაფნის გვირგვინით"-აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

დიდ ინტერესს იწვევს უბანზე გამოვლენილი 3 წარწერა, რომელთაგან ერთი აგურზე დატანილი დამღაა და ციხესიმაგრეში მდგარ კოჰორტას უნდა ეკუთვნოდეს, მეორე ხელწისქვილზე ამოკვეთილი ლათინური ასოებია, ხოლო მესამე კი რომაელი ჯარისკაცის საფლავის ქვა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არტეფაქტი პირველად გამოვლინდა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში