ყველა მოქალაქე ვისაც დღეს რაიონიდან წასვლა სურდა, უკან დავაბრუნეთ - მესტიის მერი

10 აგვისტო 2020, 16:50 2002 ნახვა

მესტიის მერის ინფორმაციით, ყველა მოქალაქე ვისაც დღეს რაიონიდან წასვლა სურდა, უკან დააბრუნეს, რადგან გადაადგილება უკვე შეზღუდულია. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე კორონავირუსის 16 დადასტრურებული შემთხვევაა. რაიონში ეპიდემიოლოგთა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის 5 ბრიგადა იმყოფება. სპეციალისტები მოქალაქეებთან ინდივიდუალური გასაუბრებით ცდილობენ კონტაქტების დადგენას.

მერია ამბობს, რომ შეიქმნება საკარანტინე სივრცეები, ყველ მოქალაქე იქნება იზოლირებული და გაივლის სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. 

კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიის საავადმყოფო ცხელების ცენტრად გადაკეთდება. დამატებით საკარანტინო სივრცეები გაიხსნება ანაკლიასა და თბილისში. 

სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელთან ყვებიან, რომ დღეს მომხმარებლების რაოდენობაც შემცირებულია. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ რაიონში კოვიდის შემთხვევები დადასტურდა, მაღაზიაში თითქმის არავინ შესულა. ​''დღეში 300-400 ადამიანს ვემსახურებოდით. დღეს კი 20 მომხმარებელი თუ შემოვიდა საერთო ჯამში. ყველას ეშინია და გარეთ არ გამოდის. მაღაზიაში ყველა წესს ვიცავთ და რეგულაციებს ვემორჩილებით'' - განაცხადა სოფო ძირკვაძემ. 

დაბა მესტიაში პარკები და სხვადსხვა ობიექტებიც ცარიელია. 

ავტომობილების საცობია სოფელ ლენჯერში. მოქალაქეებს, რომლებსაც ადგილის დატოვება სურდათ უკან აბრუნებენ. 

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა დღიდან შეიზღუდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ იქ მყოფ პირებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება რეგულაციები მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები: 

> იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;

> ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის;

> დაბა მესტიაში, უშგულისა და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებს და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;

>  თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

>   მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. მიმოსვლას კი პოლიცია გააკონტროლებს;

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში