ბელარუსში 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

12 აგვისტო 2020, 14:00 1355 ნახვა

ბელარუსში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავენ.  საკითხის დღის წესრიგში დაყენება პოლონეთის ინიციატივით მოხდა. ევროპელი დიპლომატები, ასევე ისაუბრებენ თურქეთის, ვენესუელისა და ლიბანის საკითხებზე.საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მინსკთან თავის ურთიერთობებს გადახედავს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ძალადობაზე, დემონსტრანტების დაკავებასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.ევროკავშირის განცხადებით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი და ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. ბელარუსში უკვე სამი დღეა დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია ათასობით ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში