აჭარაში 2-7 წლის ასაკის ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვთ

14 აგვისტო 2020, 13:26 7109 ნახვა

საქართველოში 2-7 წლის ასაკის ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვთ. ეს მონაცემები, დაახლოებით, ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას.

კვლევამ აჩვენა, რომ ტოქსიური მეტალის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლშიც. ის დაახლოებით 85%-ია.

პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც ტყვიის წყაროების დადგენას გულისხმობს. ამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შესაბამისი აპარატურა გადაეცა. მისი საშუალებით ხდება სისხლში, საკვებსა თუ წყალში ტყვის განსაზღვრა. 

ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა გადაეცემა აჭარასაც. კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

დღეს ბათუმში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მუშავდება ეროვნულ სტრატეგიაც, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება. 

''დაიწყო ე.წ. სწრაფი რეაგირება და შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა. პირველ ეტაპზე ის მოიცავდა დაზიანებული ჯგუფების ოჯახებში კვლევებს, შემდეგ ის გაფართოვდა. 2020 წლიდან, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში, სადაც ექიმი ნიშნავს, რომ საჭიროა ტყვიაზე კვლევა ეს ტარდება და სპეციალისტები ოჯახებში  შედიან, წყაროებსაც იკვლევენ'' - ამბობს გამყრელიძე. 

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს.

ტყვია ტოქსიური მეტალია. ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვ. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა, და სხვ.

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება.
 

 

ფოტო: სოციალური ქსელი

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში