"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, ტურიზმის ცენტრს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს

14 აგვისტო 2020, 13:45 1635 ნახვა

ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის ტურიზმის ცენტრს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი იქცა ნეპოტიზმის, კორუფციის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ, რომელიც წლის განმავლობაში არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან.

„ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება სუსი-ს მიერ დასაქმებული ნათესავების და აქტივისტების შენახვაზე და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. მხოლოდ 2 ადამიანის ნიუ-იორკში ვიზიტი დაჯდა 21 ათასი ლარი, ხოლო ტოკიოში იგივე 2 ადამიანის „ექსკურსია“ 20 ათას ლარამდე. ჯამში 2,5 წლის განმავლობაში გაფლანგულია 2 მილიონ 100 ათას ლარამდე.ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა 16 ივლისს 1300 ლარი გადაიხადა ტუალეტების გრაფიკულ დიზაინში, ანუ იმაში რომ დაედგინა ტუალეტებში რა ფერის კაფელი გაეკრა და როგორი ხელსაბანი დაედგა. „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს ქუთაისის დაცინვას და 50 ათას ლარიანი სლოგანის „ქუთაისი ქალაქია“-ს შემდეგ ეს შავ-თეთრი ლოგო მოიფიქრა და ამის დამზადებაში დამატებით 2700 ლარი დახარჯა, ასევე იგეგმება 4000 ლარის გადახდა აღნიშნული ლოგოს კეპებსა და მაისურებში"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის თქმით, ტურიზმის ცენტრმა მარტიდან დღემდე ჯამში 130 ათასი ლარი დახარჯა თითქოს საკარანტინე ზონებიდან მოქალაქეების სახლამდე გადაყვანაში. მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობა ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საკარანტინე ზონების მომსახურებაზე.

ოპოზიციის ბრალდებას ქუთაისის ტურიზმის ცენტრში უსაფუძვლო და აბსურდულს უწოდებენ. გიგა შუშანიას განცხადებას ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„საქმე გვქვს წინა საარჩევნო ციებ- ცხელებასთან, როცა როგორც წესია ზოგიერთი პოლიტიკოსი ქულების დაწერას ხმამაღალი, პოპულისტული განცხადებებით ცდილობს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ბატონ გიგას, თავი შეიკავოს საჯარო მოხელეების, ჩემი კოლეგების და რაც მთავარია იმ ადამიანების ვინც პატიოსნად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ქალქს შეურაცხყოფისაგან.როგორც ვიცი თავის გამოსვლაში ის შეეხო ისეთ თემებს,როგორიც არის საკარანტინო სივრცეების მართვაში მონაწილეობა, ტურისტული სერვისცენტრის საპირფარეშოების პროექტირება, ჩვენი ცენტრის წინ განლაგებული კონსტრუქციის დიზაინის შეცვლა. მინდა ვუპასუხო,რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამსახურის პარალიზებას. ცალკე ყურადღებას გავამახვილებ DMO Imeret- ის ჩართულობაზე საკარანტინო სივრცეების მმართველობაში, მოგეხსენებათ, რომ DMO Imeret-ი ისხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო,რომელიც გაწია სახელმწიფომ ქვეყნის გადასარჩენად“- განმარტა ტატო ლილუაშვილმა

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში