200 ლარიანი დახმარებების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

15 აგვისტო 2020, 12:40 3163 ნახვა

​ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა დღეიდან აქვთ.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში