ქობულეთში მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მერიისგან ითხოვს

24 აგვისტო 2020, 13:29 1929 ნახვა

ქობულეთის მერიაში დღეს, 24 აგვისტოს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.  სოფელ ახალსოფელში, ყოფილი თბოელექტროსადგურის შენობაში მცხოვრები თოთხმეტი ოჯახი და ქობულეთში, თავისუფლების №19-ში (ყოფილი სტატისტიკის) შენობაში მცხოვრები 12-ოჯახი მერთან შეხვედრას ითხოვდა.

მოსახლეობა მირიან ქათამაძის კაბინეტში ძალის გამოყენებით შეიჭრა. ისინი საცხოვრებელი ფართების დროულად დაკანონებას ითხოვდნენ.  მოსახლეობა შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ მათ გამოასახლებენ და საცხოვრებელის გარეშე დარჩებიან.

ისინი ასევე ითხოვენ, ფართების დაკანონებამდე წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მოხდეს. 

ქობულეთის მერმა პროცესებს მართული უწოდა. მირიან ქათამაძე მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ ოჯახებს არ გამოასახლებენ. ფართების დათმობის შემთხვევაში კი ალტერნატიული ბინებით დააკმაყოფილებენ.

მისი განცხადებით, აჭარის ეკონომიკის მინისტრს პირადად შეხვდა და აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა. მერი მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

ქობულეთის მერიაში დღეს სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები.

აღნიშნული ოჯახები აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავენ და ფართების დაკანონებას ითხოვენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში